პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მილანში ქართულ-იტალიური ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა


05.02.2020

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ქ. მილანში, ალდა მერინის სახელობის სახლ-მუზეუმში იტალიაში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციამ "სამშობლო გულით სატარებელ" ნინოობის დღესასწაული აღნიშნა და ქართულ-იტალიური პოეზიის კრებულის პრეზენტაცია გამართა.

ნინოობის დღესასწაულს ორგანიზაცია ყოველწლიურად აღნიშნავს და იგი ორგანიზაციის დამფუძნებლის, ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართულ-იტალიური ლექსების კრებულის "როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის" პრეზენტაცია, რომელსაც კრებულის მთარგმნელი და ორგანიზაციის - "სამშობლო გულით სატარებელი" ხელმძღვანელი ნუნუ გელაძე წარუძღვა. თავად კრებული კი დამსწრე საზოგადოებას გამომცემელმა დიანა ბატაჯამ წარუდგინა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა იტალიაში საქართველოს ელჩმა კოტე სურგულაძემ. თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა ისაუბრა დიდი ქართველი ემიგრანტის - "სამშობლო გულით სატარებლის" დამაარსებლის, ნინო ყაუხჩიშვილის ღვაწლზე, რომელიც დაუღალავად იღწვოდა საბჭოთა წლებში ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის და მან მადლობა გადაუხადა  ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელსა და წევრებს აღნიშნული საქმიანობის გაგრძელებისთვის. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი იტალიელებისთვის ქართული  კულტურისა და ლიტერატურის გაცნობის საკითხში. ამასთან, საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა ელჩი მარიამ ბოჭორიშვილი, რომელიც გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" გამარჯვებული იტალიაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ლომბარდიაში საქართველოს საპატიო კონსული ლელიო ორსინი დ'არაგონა ბაგრატიონი. საპატიო კონსულმა თავის მიმართვაში აღნიშნა მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობა ქართულ-იტალიური კულტურების დაახლოებასა და ორი ერის საუკუნოვანი კავშირის გაღრმავებაში. თავის მხრივ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნუნუ გელაძემ მადლობა გადაუხადა საპატიო კონსულს საქართველოსადმი გაწეული სამსახურისთვის და გაიხსენა ის ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული აქცია, რომელიც ბაგრატიონ-ორსინების მთელმა ოჯახმა 2008 წლის ომის დროს განახორციელა, ხოლო თავად ლელიო ორსინი დ'არაგონა ბაგრატიონმა კი სტიქაროსნად გადაცმულმა შეიტანა ჰუმანიტარული დახმარება ცხინვალის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ დიასპორული ორგანიზაცია "სამშობლო გულით სატარებელი / Con la Georgia nel cuore" ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის გარდა, ასევე აქტიურად საქმიანობს იტალიაში მცხოვრები ქართველების გაერთიანებისა და მათში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით. ორგანიზაცია, აგრეთვე, დახმარებას უწევს იტალიის საავადმყოფოებსა თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ თანამემამულეებს.