პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მცირე გრანტების კონკურსი ინოვაციური პროექტებისთვის


21.11.2019

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5 000 ლარამდე მცირე გრანტების პროგრამა გრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ პირს, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს.

მცირე გრანტების პროგრამა, მაქსიმუმ 5 000 ლარის ოდენობით, გულისხმობს ინოვაციური სახის პროექტების დაფინანსებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ:

პროტოტიპის გრანტი - გაიცემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროტოტიპის შექმნის, მისი გამოცდის, დახვეწის ან/და გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ან არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და მისი ადგილობრივ ან/და გლობალურ ბაზარზე გატანა;

ღონისძიების გრანტი - გაიცემა საქართველოში ჰაკათონის, მეიქათონის, კრეათონის ან სხვა ინოვაციების ხელშემწყობი ღონისძიების ჩატარების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელის თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. ასევე, ფინანსდება პროექტები ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი სახის სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით.

სამგზავრო გრანტი - სამგზავრო გრანტით ფინანსდება საგრანტო პროექტი, რომელიც ეხება ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული პირის მონაწილეობას საქართველოს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენციებში, კონგრესებში, ვორქშოფებში და ა.შ.), რომლის შედეგად მოხდება ინფორმაციის გაცვლა/გამოცდილების გაზიარება/პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა და ადგილობრივი ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება. 

პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, გრანტის მიმღები, ავანსის სახით, სახელმწიფოსგან იღებს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90%-ს, დარჩენილი 10%-ის გადარიცხვა კი ხორციელდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში აღნიშნული სამი სხვადასხვა მიმართულების გრანტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/37FZFL0

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვა საგრანტო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ სააგენტოს ვებ გვერდს: https://gita.gov.ge/