პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ წარმატებით მიმდინარეობს


23.01.2021

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ წარმატებით მიმდინარეობს. პროექტში ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

პროექტი, რომელიც პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი 2 000 აშშ დოლარზე მეტია და ქვეყანაში მინიმუმ 6 თვე დარჩებიან. ქვეყანა იღებს გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საკუთარ დანაზოგებს ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით საქართველოში დახარჯავენ. პროექტის მონაწილეები ხშირად ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოდიან.

გაკეთებული განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო ინდიკატორების მიხედვით, ისინი საქართველოში 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი, საშუალოდ, 6-თვიან პერიოდში 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.

პროექტის ფარგლებში ქვეყანაში შემოსული პირები კარანტინს საკუთარი სახსრებით გადიან. საკარანტინო სასტუმროებისთვის 742 უცხოელის ჩამოსვლა 1.4 მილიონ ლარამდე შემოსავალს ნიშნავს (5936 ღამე, საშუალოდ, 70 აშშ დოლარის ღირებულებით).

უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, - 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% კი მეწარმეა.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედიაპლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია