პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტის - "ნორვეგიაში მცხოვრები ბავშვები ეცნობიან ქართულ კულინარიას" პრეზენტაცია


11.11.2019

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში, დიასპორულმა ორგანიზაციამ - "Geo Nor - The Link Between Georgia & Norway", საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამართა ახალი პროექტის - "ნორვეგიაში მცხოვრები ბავშვები ეცნობიან ქართულ კულინარიას" პრეზენტაცია.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოსლოში მცხოვრები ქართველი დიასპორელი ბავშვები, მათი მშობლები, საქართველოს ელჩი ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე და კონსული ნათია სებისკვერაძე.

ღონისძიების ფარგლებში ქართველმა დიასპორელმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო ენობრივ-მათემატიკურ აქტივობაში.

დიასპორული ორგანიზაცია "Geo Nor - The Link Between Georgia & Norway" ნორვეგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სახის აქტივობებს 2013 წლიდან ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, დააარსეს გამომცემლობა „წიგნიერება“, რომლის მეშვეობითაც ქართველი დიასპორელი ბავშვებისთვის გამოიცა ორი წიგნი - „ანბანეთის ამბები“ (ავტორი მარიამ ნოდია), რის საშუალებითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ქართული ანბანი შეისწავლონ ილუსტრაციებისა და სახალისო ისტორიების დახმარებით და „თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი“(ავტორი თამარ ლორია), რომელიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის საშუალებითაც. ორგანიზაცია ხელს უწყობს  საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებას ასევე სამოქალაქო საზოგადოების კუთხით და თანამემამულეების დასახმარებლად, ეწევა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას. ორგანიზაცია "Geo Nor - The Link Between Georgia & Norway"-ის ხელმძღვანელია პედაგოგი თამარ ლორია.