პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო კონკურსი ქართველი და იტალიელი მეცნიერებისთვის 


14.11.2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) მიერ გამოცხადდა 2019 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში მოღვაწე მეცნიერებს. კვლევით პროექტში/სემინარში ჩართული ქართული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს: მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოსა და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა.

კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად და ერთობლივი სემინარების ჩასატარებლად.

ერთობლივ კვლევებს შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭო (CNR) აფინანსებს თანაბრად: CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი კი - მათ  პარტნიორებს საქართველოს მხრიდან.

ქართულ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებული განცხადება საქართველოს მეცნიერებმა უნდა წარადგინონ შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, პროექტის მონაწილე იტალიელმა მეცნიერებმა კი იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოში - https://www.cnr.it/en/bilateral-agreements/open-calls.

საკონკურსო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 4 დეკემბრის 16:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაცია: https://bit.ly/37H44xe