პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში თანამემამულეებს უმასპინძლა 


04.02.2020

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საქართველოს საელჩომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა თანამემამულეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე დიასპორული პროგრამები გააცნო და დიასპორასთან დაკავშირებით მთავრობის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული დიასპორული ვებ-პორტალის - www.gda.ge-ს შესახებ, რომელიც საგარეო უწყებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა. ამასთან, თანამემამულეებს დაურიგდათ ინფორმაციული სახის მასალა მსოფლიო მასშტაბით განლაგებულ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების თაობაზე, რომლის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების კანდიდატურების ხელშეწყობაა.

საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საელჩოს მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები და პროექტები, რომელშიც აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოხატეს ქართული დიასპორის წევრებმა.