პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახელმწიფო საგრანტო პროექტის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული დიასპორელი გამოვლინდა 


27.08.2020

დასრულდა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.

კონკურსში გამარჯვებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების გამოცხადების ცერემონია 2020 წლის 27 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები, კონკურსში გამარჯვებული დიასპორელები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართოდ გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

2020 წლის კონკურსის ფარგლებში მიღებული 87 საპროექტო წინადადებიდან კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 70 განაცხადი, მათგან სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა 45 გამარჯვებული. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და იგი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა ხელშეწყობას ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, სახალხო დიპლომატიის განვითარებისა და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავების პროცესში. პროექტი საშუალებას აძლევს თანამემამულეებს გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.