პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამინისტროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩებთან ვიდეო-კონფერენცია გაიმართა 


18.03.2020

17 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიდეო-კონფერენცია დიასპორული პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ მონაწილეებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გივი ჭიჭინაძისა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის მონაწილეობით.

ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სტუდენტების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა, ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ. ახალგაზრდა ელჩებმა აღნიშნეს, რომ ისინი თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების თაობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიურად იქნეს გამოყენებული ახალგაზრდა ელჩების რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციისა და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის. 

შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს შემდგომი ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე და შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმავლობაში აქტიურ რეჟიმში კომუნიკაციაზე.

ახალგაზრდა ელჩებს მიეწოდათ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ.