პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო - საქართველო“ ჩატარდა


06.08.2023

4 აგვისტოს, ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ლონდონის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო - საქართველოს“ დასკვნითი, საზეიმო ღონისძიება.

აღნიშნული ღონისძიებით სამწლიანი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია შეჯამდა და ჯილდოები გადასცეს მონაწილეებს.

პროექტმა თავისი იდეის გარშემო შეკრიბა აშშ-ის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ირლანდიის, საბერძნეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და საქართველოს მოზარდი თაობა და საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ცენტრების, საკვირაო სკოლების, საქართველოს საჯარო სკოლებისა და არაფორმალური განათლების ცენტრების „დელეგატები“, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ გაერთიანებულიყვნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ დონეზე შესასწავლად.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კონფერენციის მონაწილეები დააჯილდოვეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

2 აგვისტოს, კონფერენციის მონაწილეებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მოინახულეს ქალაქ რუსთავის ისტორიული და ბოლნისის ეროვნული მუზეუმები, ასევე დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი.

კონფერენციის იდეის ავტორია გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელი, ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი, ხოლო მხარდამჭერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აღნიშნული ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა, მონაწილეებმა პატივი მიაგეს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.