პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცესკოს ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით


13.09.2020

დღეს, 13 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გაიმართა საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ისაუბრა 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება - მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საერთო - საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2018 წელს, საზღვარგარეთ 55 უბანი გაიხსნა 39 ქვეყანაში. მაშინ, საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში, პირველ ტურში - 4 801-მა, ხოლო მეორე ტურში - 9 028 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ნიშანდობლივია, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ პირველი ტურისთვის შეადგინა 57 637, ხოლო მეორე ტურისთვის - 63 739 ამომრჩეველი.

მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ დაუყოვნებლივ განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადასახადს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად - საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ", - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.  

ანა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფს, შეუძლია მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ცესკოს ონლაინ ჩათის საშუალებით ან დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის შემდეგ ნომერზე - 2 51 00 51. მან, აგრეთვე, დასძინა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად გაავრცელებს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის არის აუცილებელი, რათა მათ შეუფერხებლად მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.