პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქული უნივერსიტეტების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებამ რამდენიმე ათეული პირველკურსელი მიიღო


31.08.2020

თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს, თურქული უნივერსიტეტების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებებისა და თურქეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, თურქულ უნივერსიტეტებში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მიღების წესში შეტანილ იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც, გასული წლებისგან განსხვავებით, შესაძლებელი გახდა ზემოთ ხსენებულ მიმართულებაზე გამოყოფილი სტუდენტთა კვოტის სრულად ათვისება.

საგულისხმოა, რომ სწორედ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების შედეგად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის, თურქული უნივერსიტეტების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებამ მიიღო რამდენიმე ათეული პირველკურსელი.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, თურქეთის შესაბამის უწყებებთან, თურქულ უნივერსიტეტებში მოღვაწე ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა თურქეთის სხვა უნივერსიტეტებშიც გაიხსნას ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება წარმატებით ფუნქციონირებს თურქეთის დუზჯეს, რიზეს, ყარსისა და არტაანის უნივერსიტეტებში.