პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა დასახმარებლად საგარეო უწყება ყველა მიმართულებით მუშაობს - დავით ზალკალიანი 


31.03.2020

31 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში მსოფლიო პანდემიის გავრცელების პირობებში საზღვარგარეთ მყოფი ქართველების სამშობლოში დაბრუნების, ასევე, მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის საშუალებებსა და მექანიზმებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი ქართველები 24 საათის განმავლობაში უკავშირდებიან საქართველოს ყველა საელჩოს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლ-ცენტრიც. შემოსული ზარების მიხედვით, დგინდება იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა, მინისტრის თქმით, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ადგილზე კონსულტაცია ესაჭიროებათ და ასევე, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე და ულუკმაპუროდ დარჩნენ. როგორც მინსიტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები ყველა მიმართულებით მუშაობენ.

მისი თქმით, საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, საჰაერო ფრენებს, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, ავიაკომპანია „აირზენა“ ახორციელებს. ფრენები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით სრულდება, მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებური პრინციპით და თითოეულ ბორტზე მხოლოდ 100-110 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი.

დავით ზალკალიანმა საპატიო კონსულებისა და კერძო კომპანიების როლზეც გაამახვილა ყურადღება. „საპატიო კონსულების რესურსის მოზიდვით ხდება თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის ჰოსტელების, სასტუმროების თუ სხვა შესაბამისი საცხოვრებლის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ცალკეული კერძო კომპანიები და თავად საელჩოები გვერდში უდგანან იმ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ფინანსური რესურსი და მათ ყოფითი პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან“, - აღნიშნა მან.

მინისტრმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაწყებულ ონლაინ - კონსულტაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მოწვეული ექსპერტები მეშვეობით, ყოველდღიურად ონლაინ ინსტრუქციებს უწევს საქართველოს მოქალაქეებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, გერმანია, საფრანეთი თუ იტალია, სადაც გაცილებით უფრო რთული სიტუაციაა და საკუთარი მოქალაქეებისთვისაც კი ვერ ახერხებენ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას. „ჩვენი ექსპერტები მუდმივ კონსულტაციას უწევენ მათ და ასწავლიან თუ რა ზომები უნდა მიიღონ სახლის პირობებში და როგორ შეასრულონ ის პროცედურები, რომლებიც გაწერილია კორონა ვირუსთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე უკვე მოხდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება სამშობლოში.