პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვარშავაში აფხაზეთის ომის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა


29.09.2023

საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2023 წლის პოლონეთის რესპუბლიკაში გამარჯვებულის, თორნიკე ცირეკიძის თანაორგანიზებით, 27 სექტემბერს ქალაქ ვარშავაში, პოლონეთში არსებულ მართლმადიდებლურ სამიტროპოლიტო რეზიდენციაში აფხაზეთის ომის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც წმ. მარიამ მაგდალინელის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანატოლიმ გადაიხადა თანამემამულეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ღონისძიება სიტყვით გახსნა სამიტროპოლიტო რეზიდენციის დირექტორმა მამა ანდრეიმ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა:

ფილმის ჩვენება - „აფხაზეთში დამარცხდა ომი“;

ნაციონალური ქორეოგრაფიული ნომრის წარდგენა;

ქართული პოეზიის კითხვა;

ქართული პროდუქტების დეგუსტაცია.

ასევე, ორგანიზატორებმა წარადგინეს თავიანთი მოხსენებები სხვადასხვა საკითხებზე:

დავით გამცემლიძე - დიასპორის ყოფილი თავმჯდომარე, მსახიობი - თემა: „თავისუფალი“;

მამუკა გვასალია - მედავითნე, პოლონეთის სასულიერო სემინარიის სტუდენტი - თემა: „აფხაზეთი დაცემის ისტორიული რაკურსი“;

დავით დათიაშვილი - ქუთაისის, თბილისის, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებული - თემა: „სამრევლოს როლი უცხო მიწაზე“;

თორნიკე ცირეკიძე - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის გამარჯვებული - ღონისძიების წამყვანი.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი თენგო ფურცელაძე, პოლონეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ადამაშვილი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დამატებითი ინფორმაცია პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/profile.php?id=100069050895429

 

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, გულისხმობს, ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

დამატებითი ინფორმაციას პროგრამის შესახებ იხილეთ:

https://bit.ly/48BD5mj