პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვენაში ქართველი ახალგაზრდები წარმატებულ იურისტს - ზურაბ სიმონიშვილს შეხვდნენ


16.02.2020

15 თებერვალს, ქ. ვენაში გაიმართა შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებსა და წარმატებულ ქართველ იურისტს, ზურაბ სიმონიშვილს შორის. შეხვედრა პროექტ „#ShareYourExperience“-ის ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანი ქართველი ახალგაზრდებისთვის ავსტრიაში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული თანამემამულეების მიერ გამოცდილების გაზიარებაა.

დოქტორ ზურაბ სიმონიშვილთან შეხვედრა გახლდათ რიგით პირველი, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტის ავტორი - სტუდენტი თეკლა შარვაშიძეა და იგი ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, სალომე სალაძისა და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ხელშეწყობით ხორციელდება.

შეხვედრაზე ზურაბ სიმონიშვილი, რომელიც ამჟამად, ქ. ვენაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურიდიული კომპანია "Schönherr"-ის იურისტია, ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებაზე დეტალურად ესაუბრა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ სიმონიშვილმა სწავლის მინიმუმ დროში დაამთავრა გრაცის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (Diplomstudium) და მოხვდა 5 საუკეთესო კურსდამთავრებულთა შორის. ზურამ ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სამართლის დოქტორის ხარისხი, ხოლო მისი დისერტაცია კი გამოქვეყნდა წამყვანი ავსტრიული იურიდიული გამომცემლობის მიერ. ზურაბ სიმონიშვილის სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება ავსტრიის ყველაზე ცნობილ იურიდიულ გამოცემებში.

შეხვედრას ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ვენის ქართული საკვირაო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

პროექტ „#shareyourexperience“-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში, კიდევ 5 შეხვედრა გაიმართება ავსტრიაში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქართველებთან.