პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვილნიუსში ქართული მხატვრული ფილმის „შინდისი“ ჩვენება გაიმართა 


09.08.2020

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის პრესტიჟულ კინოთეატრ „Forum Cinema“-ში  გიმართა ქართული მხატვრული ფილმის „შინდისი“ ჩვენება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა და ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმში (პარლამენტში) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

სიტყით გამოსვლისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია 12 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება და ყოველდღიური ხასიათი აქვს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები და გატაცებები. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს.

აღსანიშნავია, რომ კინოჩვენების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ასევე გაიმართა ქართველი ფოტოხელოვანის თამარ რობაქიძის ფოტონამუშევრების გამოფენა, რომელიც ასახავს ოკუპაციის შედეგებსა და იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები, ქართველი სტუდენტები, ლიეტუვის მთავრობისა და პარლამენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მასმედიის წარმომადგენლები.