პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ შეხვედრა გამართა იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან


01.09.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იტალიის სხვადასხვა ქალაქში არსებულმა 15-მდე დიასპორულმა ორგანიზაციამ. კერძოდ, იტალიაში ქართველთა სათვისტომოს "კოლხეთი" ხელმძღვანელმა ბეგლარ თავართქილაძემ (ქ. რომი), კულტურული ასოციაციის - "რომის ქართული დიასპორა" ხელმძღვანელმა ეკატერინე კაჭარავამ (ქ. რომი), ასოციაციის - "აბრეშუმის გზა" ხელმძღვანელმა ხათუნა კორძაძემ (ქ. რომი), ასოციაციის - "სამშობლო გულით სატარებელი" ხელმძღვანელმა ნუნუ გელაძემ (ქ. მილანი), ასოციაციის - "ფესვები" წარმომადგენელმა ნინო ზურაბიშვილმა (ქ. ბარი), კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის - "იმედი" ხელმძღვანელმა ცინარი ღვალაძემ (ქ. ბარი), იტალიურ–ქართული ასოციაციის წარმომადგენელმა ლელა სირბილაძემ (ქ. ბარი), კულტურული ასოციაციის - "ჟალეთი" ხელმძღვანელმა ნათია ზაზაშვილმა (ქ. ფლორენცია), ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ტაძართან მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის - "ნანილა" წარმომადგენელმა რიტა სიმსივემ (ქ. ფლორენცია),  ასოციაციის - "კულტურული მოძრაობა ქართველები იტალიაში" ხელმძღვანელმა ნინა წიკლაურმა (ქ. რეჯიო კალაბრია), ასოციაციის - "ჯორჯა ინ კალაბრია" ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა (ქ. რეჯიო კალაბრია), კულტურული ასოციაციის - იტალია-საქართველო "კოლხეთი" ხელმძღვანელმა ქეთევან ლომთათიძემ (ქ. კალიარი, სარდინია) და ასოციაციის - "Nina Georgia" ხელმძღვანელმა ნინო ლაფაჩიძემ (ქ. ნაპოლი).

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, კონსტანტინე სურგულაძე.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მინისტის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და ქართულ სამრევლოებს კორონავირუსით  შექმნილი ვითარების გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამემამულეების პრობლემების დაძლევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

შეხვედრაზე თითოეული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა მათი ორგანიზაციის წინაშე არსებულ პრობლემებზე და ზოგადად, COVID-19-ით გამოწვეულ იმ სირთულეებზე,  რომლებთან გამკლავებაც უწევთ დღეს ორგანიზაციებს.

უახლოეს მომავალში, მსგავსი ონლაინ სამუშაო შეხვედრების ჩატარება იგეგმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.