პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჭიათურის მუნიციპალიტეტი / სოფელი კაცხი

მიმოხილვა

კაცხი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზემო იმერეთში. სოფელი განლაგებულია მდინარე კაცხურის ორივე მხარეს. სოფელი კაცხი წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრს. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: კაცხი, დიდი კაცხი, ეწერი, მორძგვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი. მდებარეობს ზღვის დონიდან 610 მეტრზე, ჭიათურიდან 11 კილომეტრში. სოფელ კაცხს შუაზე კვეთს ცენტრალური საავტომობილო გზის გომი-ზესტაფონის მონაკვეთი. უახლოესი რკინიგზის სადგურია სალიეთი (2.5 კმ) და თირი (3 კმ). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 70 კმ.

სოფელი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XI საუკუნის გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში. „კაცხის ციხე“ თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კი კვლავ სამეფო ხელისუფლების გამგებლობაში იყო. ციხის ნანგრევები დღესაც შემორჩენილია მდ. კაცხურის მარჯვენა სანაპიროზე.

სოფელში მდებარეობს ცნობილი კაცხის სვეტი, რომელიც ჭიათურის სიმბოლოდ არის მიჩნეული. „კაცხის სვეტი“ ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს, რომლის სიმაღლე 40-45 მეტრია, ხოლო თხემის ზედაპირი დაახლოებით 150 კვ/მ-ს შეადგენს. მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა შესაძლებელი. 131 საფეხურიან კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან. სვეტზე პირველი მესვეტე სავარაუდოდ VII-VIII საუკუნეებში ავიდა. კაცხის სვეტზე აშენებულია ბაზილიკის ტიპის ეკლესია.

სოფლის ცენტრში აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მაცხოვრის სახელობის ტაძარი (1010 – 1014 წწ), რომელიც აშენებულია ბაღვაშების მიერ. აქვეა დაკრძალული საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ფეოდალი - ლიპარიტ IV ბაღვაში.

კაცხის ტერიტორიაზე მდებარეობს „კაცხურის ხეობა“, რომელიც დაფარულია უნიკალური ჯიშის ხეებით, კერძოდ კოლხური ბზით.

კაცხის მიდამოებშია კვარციანი ქვიშის კარიერი. კვარცული ქვიშა გამოიყენება მშენებლობაში, ასევე რკინიგზის ფუნქციონირებისათვის.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 403 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

756

357

399

2014

 403

190

213

2019 წლის მდგომარეობით სოფელ კაცხში ცხოვრობს დაახლოებით 550 ადამიანი.

სოფელ კაცხში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, ბიბლიოთეკა, ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი.

სოფელი ელექტროფიცირებულია, არსებობს 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემა. სოფლის ცენტრალური გზა ასფალტირებულია, მიმდინარეობს შიდა გზების მობეტონება. სოფელში ფუნქციონირებს რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტები.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 38.03.32.023
  • ადგილმდებარეობა: სოფელი კაცხი. ჭიათურის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 610 მ., სოფლის ცენტრიდან 1კმ. მანძილი ნაკვეთიდან ცენტრალური საავტომობილო გზის გომი-ზესტაფონის მონაკვეთამდე არის 200 მ. უახლოესი რკინიგზის სადგურამდე სალიეთი - 4 კმ და თირის სადგურამდე - 7 კმ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 70 კმ. ნაკვეთის მიმდებარედ მდებარეობს კაცხის სვეტი.
  • ფართობი: 10 820.00 მ2.
  • რელიეფი: კლდოვანი. ნაკვეთთან მდებარეობს 40-60 მეტრის სიმაღლის კლდეები, სადაც პერიოდულად ტარდება კლდეზე ცოცვის ტურნირები.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი კაცხი - 1კმ, სოფ. დიდი კაცხი - 400 მ.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთიდან 100 მეტრის მოშორებით გადის ასფალტირებული გზა. უშუალოდ ნაკვეთამდე მიდის არაასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტრო-ენერგიის ქსელი
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის სასმელი წყლის ქსელი
    • გაზმომარაგება: დაგეგმილია გაზგაყვანილობის ქსელის მოწყობა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტურისტული ობიექტების განსათავსებლად. განსაკუთრებით მეკლდეურობისა (კლდეზე ცოცვის) და ექსტრემალური სამთო ტურიზმის მიმართულებით.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური.
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით, შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ნაწილის ყიდვა ან იჯარით აღება.
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, ტელ.: (+995 479) 25 31 27, ელ. ფოსტა: [email protected]

   

სასარგებლო ბმულები