პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა


15.03.2022

მარტის პირველ დღეებში, ათენის მასშტაბით, ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში, დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქალბატონ ნანა თევდორაძის კოორდინაციით, ქართველი თანამემამულეების ჩართულობითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

10 მარტს შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი, ნანა თევდორაძის მიერ, ათენში უკრაინის დიასპორას და მის წარმომადგენელს კატერინა კუჩინკას ოფიციალურად გადაეცა. ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინის მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა პირებმა: ელჩმა დავით დონდუამ, მრჩევლებმა ნინო ვადაჭკორიამ და გიორგი შოშიტაშვილმა.

აღსანიშნავია რომ ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის მხარესთან კონსულტაციით შეგროვდა და არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგებოდა.

ორგანიზაციის ინიციატივით ტვირთის მობილიზების პროცესში აქტიურად იყო ჩართული დიასპორული მედია მაუწყებელი Georgians.gr.

ქართული დიასპორის სახელით ათენის მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უკრაინის მხარეს გადაეცა, უკრაინის დიასპორის ორგანიზებით უშუალოდ უკრაინაში გაიგზავნება და იქ მყოფ ბავშვებს და განსაცდელში მყოფ პირებს გადაეცემათ.