პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში დიასპორელ ბავშვთა ნახატების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა


06.07.2020

მიმდინარე წლის 5 ივლისს, ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა ესპანეთში მცხოვრებ დიასპორელ ბავშვთა ნახატების ონლაინ გამოფენა-კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. აღნიშნული გამოფენა-კონკურსი, ამა წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოეწყო.

ონლაინ გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი 109 ნამუშევრიდან, მიღებული ხმების რაოდენობით, კონკურსში I ადგილი დაიკავა ანასტასია ჩაჩხიანმა, II ადგილი - სანდრო გრიგოლიამ, ასევე, საკონსულოს მიერ დაწესებული პრიზი „საკონსულოს სიმპათია“ მიიღო თეკლა მეტრეველმა. კონკურსის გამარჯვებულებსა და დაჯილდოების ცერემონიალზე დამსწრე ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ქალაქ ბარსელონაში საქართველოს კონსული ქეთევან გოგოლაშვილი, ვიცე-კონსული ლიკა ახალბედაშვილი და ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ზურაბ მჭედლიშვილი.

ღონისძიებაზე კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა მადლობა გადაუხადა ბავშვებს და მათ მშობლებს კონკურსში მონაწილეობისათვის. მან, აგრეთვე, გამოხატა მადლიერება დიასპორულ ორგანიზაციებთან არსებული ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგთა მიმართ და აღნიშნა, რომ სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ ემიგრანტი ბავშვები არ წყდებიან მშობლიურ ფესვებს და მათ შორის ბევრს ხატვისადმი ინტერესიც გაუჩნდა.

დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს, ბავშვებმა მადლობის ნიშნად, სიურპრიზის სახით, შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების საზეიმო ნაწილის შემდეგ, ასევე, შედგა შეხვედრა ქართული დიასპორული ორგანიზაციის - „ქართველების ერთობა კატალონიაში“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქართული სახელმწიფოს მიერ გაწეულ საქმიანობას და ხაზი გაესვა ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და დიასპორულ ორგანიზაციებს შორის, აღნიშნულ პერიოდში, თანამემამულეთა დახმარების მიზნით განხორციელებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე, რომელმაც დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია, გამოითქვა სურვილი შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით; ასევე, ერთობლივი ინიციატივით, დაიგეგმა შეხვედრა ესპანეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ახალგაზრდებთან.