პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს, თბილისი-რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დაბრუნდება 180 თანამემამულე


21.04.2020

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს, 21 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი - თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 180 მოქალაქე. 

მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, 7 ორსული ქალბატონი, 47 სტუდენტი, 24 ონკოლოგიური პაციენტი, 2 შშმ პირი, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი) რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 10 058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 7 068 მოქალაქე.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო. აღნიშნული რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე, საქართველოს მიმართულებით უახლოესი პერიოდისთვის დანიშნულია შემდეგი ავიარეისები:

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭო აგრძელებს მუშაობას დამატებითი ფრენების დანიშვნის თაობაზე საქართველოს მიმართულებით, რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.