პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა


04.04.2020

4 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა მსოფლიოში არსებული კორონავირუსის (COVID -19) პანდემიის ფონზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, აგრეთვე, საგარეო უწყების დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და ამავე უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე.

შეხვედრაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული ზომების, თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესისა და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს მისიებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების პირველადი საჭიროებებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფის თაობაზე; აგრეთვე, განხილულ იქნა უკვე არსებული და დამატებითი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე პროცესებში მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის აქტიური თანამშრომლობა და სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის (COVID -19) გავრცელების პრევენციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანია.

ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.