პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გენერალური კონსულის გელა ჯაფარიძის შეხვედრა თურქეთის ისტორიულ ქართულ დიასპორასთან


24.10.2020

2020 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ შეხვედრა გაიმართა ფაცას ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და სოლიდარობის საზოგადოების თავმჯდომარესთან, ექრემ ქოშუმთან, უნიეს ქართული მეგობრობისა და კულტურის საზოგადოების ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, მეჰმეთ უთუსთან და ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ტელეკონფერენციის საშუალებით მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.

შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თურქეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან კავშირების გაძლიერებისთვის, ასევე, ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის; ხაზი გაესვა პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც მიუთითებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მაღალ პასუხისმგებლობაზე.

მიმართვის დროს მადლიერებით აღინიშნა თურქეთის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერა დიასპორული ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუქნციონირების ხელშეწყობის საკითხში და თურქეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის, როგორც არჩევითი საგნის, დაშვების გამო.

ამასთან, ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დროს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების მხრიდან გაწეული დახმარების თაობაზე, აგრეთვე, მადლიერება გამოითქვა ქართული დიასპორის მიერ გლობალური პანდემიის პერიოდში გაწეული საქმიანობის გამო.

ღონისძიების ფარგლებში, გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ უნიეს ქართული მეგობრობისა და კულტურის საზოგადოების და ფაცას ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და სოლიდარობის საზოგადოების ხელმძღვანელებს სამადლობელი სიგელები, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა.