პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გილოცავთ დედაენის დღეს!


13.04.2022

ძვირფასო თანამემამულეებო,

გვაქვს პატივი მოგესალმოთ და მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე - დედაენის დღე.

უამრავ დაბრკოლება გამოვლილი ქართული ენა, ქართული დამწერლობა და ქართული ანბანი, არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობაა. ეს დღე ასოცირდება დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის,  იაკობ გოგებაშვილის სახელთანაც. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობისეულ, უნიკალურ  მეთოდს, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

დედაენა  ის განძია, რომელსაც არასოდეს არ უნდა შეექმნას საფრთხე,  რასაც ყველაზე მეტად  სჭირდება დაცვა, გაფრთხილება და სიყვარული. ყველა ადამიანის ვალია იცავდეს საკუთარ დამწერლობას, იმ ენას, რომელზეც მეტყველებს, აზროვნებს და ურთიერთობს. დედაენის სიყვარულით გაზრდილი ადამიანი არასოდეს მოშორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და მშობლიური ენის ცოდნითა და პოპულარიზაციით საუკეთესოდ წარმოაჩენს მას მსოფლიო კულტურათა შორის, მით უფრო ახლა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის  ამ მნიშვნელოვან გზაზე.     

ქართულ დიასპორას კარგად აქვს გაცნობიერებული დედაენის დაკარგვისგან შექმნილი  საფრთხეები და სწორედ ამიტომ, უდიდეს ძალისხმევას იჩენს მშობლიური ენის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით კი იმ მოზარდ თაობაში, რომელიც სამშობლოსგან მოშორებით იზრდება და მოკლებულია მშობლიურ გარემოს.

მადლობას გიხდით საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებს იმ ფასდაუდებელი წვლილისათვის,  რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, მშობლიური ენის მოსაფრთხილებლად და შესანარჩუნებლად. თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რომ მშობლიური ენის გაფრთხილების გარეშე ქართველი ერი თავის დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობასა და ცნობიერებას ვერ შეინარჩუნებს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ  პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქართული საკვირაო სკოლების უმრავლესობამ გამონახეთ გზები, გაგეგრძელებინათ ფუნქციონირება და საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროცესი ვირტუალურ რეჟიმში წარმატებით გადაგეტანათ.  

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი დედაენის დღეს!

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი