პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა


15.12.2023

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქ განჯაში ქართული პოეზიის კლასიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია 4 დეკემბერს, პოეტის დაბადებიდან 206-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარაძე, ქალაქ განჯისნაღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ნიაზი ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე, მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ქალაქ განჯის მაჟორიტარი დეპუტატები, მუშფიქ ჯაფაროვი და ფერვინ ქერიმზადე, საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არზუ ნაგიევი, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ქეთევან დუმბაძე, აგრეთვე ქალაქ განჯაში საქართველოს ვიცე-კონსული, შოთა დოლიძე, ქალაქ განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, რეჯეფ ოზთოფი და ქალაქ განჯის საზოგადოების წარმომადგენლები.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ. ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში, რისი დასტურიც ეს ისტორიული მოვლენა იყო.

„ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფის გახსნა კიდევ ერთხელ მეტყველებს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს შორის. ეს ფაქტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობაში,“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ელჩმა, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

ღონისძიებაზე გაიმართა ქართული და აზერბაიჯანული სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ განჯასა და ქალაქ კახში მცხოვრებმა შემსრულებლებმა.

დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელები და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების აზერბაიჯანულენოვანი თარგმანი.