პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა


12.06.2023

2023 წლის 10 ივნისს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ირაკლი კორძაია, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე და უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

შეხვედრის ფარგლებში გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, სტუმრებს დეტალურად გააცნო გენერალური საკონსულოს მუშაობის სპეციფიკა და ქართველი სტუდენტების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და სტუდენტებმა ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართეს სინოპის ვილაიეთის გუბერნატორთან, სინოპის მერთან, სინოპის უნივერსიტეტის რექტორთან, სალიფაზარისა და ჩარშამბას ქართული დიასპორული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და ადგილობრივ ქართველებთან.