პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული მემკვიდრეობის ფონდის“ საკვირაო სკოლის გახსნის ცერემონია


28.10.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, 2020 წლის 26 ოქტომბერს შედგა „ქართული მემკვიდრეობის ფონდთან (Georgian Heritage Foundation)” დაარსებული ქართული საკვირაო სკოლის გახსნის ცერემონია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან ბერიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარება და უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ლევან ბერიძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე პროექტები, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

ღონისძიების ფარგლებში, საკვირაო სკოლის მოსწავლეებს სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს მიერ გადაეცათ საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროების მიერ შემუშავებული ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები.

საკვირაო სკოლას, რომელშიც ამჟამად ორმოცამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული, უხელმძღვანელებს ქართული მემკვიდრეობის ფონდის (Georgian Heritage Foundation)”დამფუძნებელი, ლიანა ნიცეცკაია.

 

 

 

ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეების გზავნილი საქართველოს