პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კორეაში საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა 


27.05.2020

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღის აღსანიშნავად, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა თანამემამულეებს მიულოცა დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღე. ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ შესახებ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული (საგრანტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 20 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: [email protected]).

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, კორონავირუსის პანდემიაზე და ამ მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ელჩმა თანამემამულეებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გატარებული და პოსტ-ვირუსული პერიოდისთვის დაგეგმილი ღონისძიებები; საუბარი, ასევე, შეეხო, ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, კორეის რესპუბლიკის მიერ საიმიგრაციო წესებში შეტანილ ცვლილებებსა და ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულ რეგულაციებს.

შეხვედრის დასასრულს, საელჩოს წარმომადგენლებმა უპასუხეს მოქალაქეების შეკითხვებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე.