პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევილში პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების საფლავები ყვავილებით შეამკეს


28.05.2020

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულს ეწვივნენ ელჩი თეა კატუკია, საქართველოს დესპანები - გოჩა ჯავახიშვილი და თეონა გიუაშვილი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ქართველმა დიპლომატებმა პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები.

26 მაისთან დაკავშირებით, ელჩმა თეა კატუკიამ თანამემამულეებისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ დღევანდელი ერთიანობა ახალ ძალასა და შთაგონებას აძლევს ქართველ ხალხს ხორცი შეასხას ეროვნულ მისწრაფებას - საქართველოს ევროპული მომავლის შექმნას.

„დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. 102 წლის წინ, საქართველომ მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა და შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც თანასწორად უზრუნველყოფდა თითოეული მოქალაქის უფლებებს, ეროვნების, სარწმუნოების, სოციალური მდგომარეობისა და სქესის განურჩევლად. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ არა ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვა. სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის იდეა არ განელებია სამშობლო ოკუპირებულ და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით მყოფ ქართველ ხალხს.

საუკუნის შემდეგ, ქართველი ხალხი კვლავ განაგებს საკუთარ ბედს და ცდილობს მის მჭიდროდ გადაჯაჭვას ევროკავშირსა და ევროპულ ღირებულებებთან. დემოკრატია და სამართლიანი სახელმწიფო, პოლიტიკური პლურალიზმი და ეკონომიკური ლიბერალიზმი, ტოლერანტობა და ინდივიდუალურ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა წარმოადგენს იმ მონაპოვარს, რომლისთვისაც ქვეყანამ განუზომელი მსხვერპლი გაიღო - საგანძურს, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო იმ მოღვაწეთაგან, ვისაც 1918 წლის 26 მაისს სწამდა საქართველოს და სჯეროდა ქართველი ხალხის.

სირთულეებმა, რომელთა წინაშე რამდენიმე კვირის მანძილზე აღმოჩნდა საქართველო და მთელი მსოფლიო, ცხადყო, რომ ჩვენს ხალხს ძალუძს რთულ ვითარებაში გაერთიანება, გააჩნია საკმარისი რესურსი გამოწვევების პირისპირ, დაბრკოლებების ღირსეულად გადასალახად. სწორედ აღნიშნული ერთიანობა მოგვცემს ახალ ძალასა და შთაგონებას, ხორცი შევასხათ ჩვენს მისწრაფებას და შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავალი - სახელმწიფოს, რომლის ფესვები ათასწლეულებს ითვლის, რომელიც ამაყობს საკუთარი ისტორიითა და კულტურით, რომელიც არის გახსნილი და ჰუმანისტური ფასეულობების ერთგული. სწორედ აღნიშნული მისია გადმოგვეცა მათგან, ვინც 1918 წლის 26 მაისს გადაწყვიტა საქართველოსა და თავისუფლების განუყოფლობა.

დიდება საქართველოსა და ქართველ ხალხს!“ - აღნიშნულია ელჩის, თეა კატუკიას 26 მაისის მიმართვაში.