პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიხეილ ნინუა: „საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ მისიები გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და დღეის მდგომარეობით, დახმარება გაეწია 5238 მოქალაქეს“


14.04.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ, რა მიზნითაც სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე,გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ნინუამ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც საგარეო უწყებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით,  ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების პერიოდში განახორციელა. მისი თქმით, გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზანი: უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

„შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები და განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ შემდეგ ჯგუფებს: შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს; ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს; არასრულწლოვნებს; ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული); სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს“, - აღნიშნა ნინუამ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უმძიმესი და მოულოდნელი გამოწვევების წინაშე აღმოჩდა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც მათ ფინანსურ, ისე მორალურ მდგომარეობაზე. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგელები ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად ახორციელებენ.

„ხდება მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ადგილზე, საელჩოების მიერ საცხოვრებელი ფართების დაქირავება; საკვების/წყლის და სხვა აუცილებელი საჭიროებების (ჰიგიენური, სამედიცინო) დროულ მიწოდებას; განსაკუთრებული საჭიროებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფას; ასევე, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ხელშეწყობა. ადგილზე, სამედიცინო მომსახურების შეზღუდული წვდომის გამო, ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით დავაფუძნეთ ონ-ლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ექიმი-ინფექციონისტებისაგან (აღნიშნულს - პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად - მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოქალაქეების მორალური მხარდაჭერის კუთხითაც). ექიმების ონ-ლაინ კონსულტაციები ჩატარდა: აშშ, ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მიხეილ ნინუას ინფორმაციით, დღეისათვის დახმარება 5238 მოქალაქეს გაეწია და შემუშავდა ე.წ. სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმი, რომელშიც კომპანია SPAR-მა მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს 62 ათასამდე მოქალაქე.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეისათვის კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92  მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი.

„უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არა არის ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს)“, - აღნიშნა ნინუამ.