პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონლაინ კონსულტაცია ევროპაში უვიზოდ მიმოსვლასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის თაობაზე


10.02.2021

2021 წლის 11 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით, გაიმართება ონლაინ კონსულტაცია საქართველოდან ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა ა.წ. 1 იანვარს.

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული საბუთები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც მოწმდება. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე  თუ მას ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს, რომელიც დადგენილია, ასევე, შენგენის რეგულაციით.

ონლაინ კონსულტაციის ფარგლებში აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიმოიხილავენ და თქვენს შეკითხვებს პირდაპირ რეჟიმში უპასუხებენ - ვეკა მოდებაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი და გურამ დავითაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი.

ონლაინ კონსულტაცია გაიმართება Facebook LIVE-ის ფორმატში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ოფიციალურ Facebook გვერდზე, ასევე, შესაბამისი ბმული გაზიარებული იქნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებულ Facebook ჯგუფში სახელწოდებით - უვიზოდ ევროპაში.

 

 

[ხშირად დასმული კითხვები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის თაობაზე]