პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ორგანიზაცია „აისის“ ინიციატივით ფრანკფურტში გამოფენა - „Georgian Stories“ მოეწყო 


07.02.2020

მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისის“ ინიციატივით და საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა ფოტოგამოფენის - „Georgian Stories“ გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა სტუდენტური გაერთიანება „აისის“ მიერ გასულ წელს ჩატარებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა ნამუშევრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ და სტუდენტური გართიანება ,,აისის” წარმომადგენელმა, ელენე შუბლაძემ.

ღონისძიებას კიოლნიდან ჩასული სტუდენტები, ქართული დიასპორის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „აისი“/Georgische Hochschulgruppe „Aisi“ აქტიურად საქმიანობს გერმანიაში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით და იგი მუდმივად აწყობს კულტურულ-შემეცნებითი სახის ღონისძიებებს, მათ შორის, ქართული მუსიკის, ლიტერატურის საღამოებს, ქართველი მხატვრების ნამუშევრებისა და ქართული ხელნაწერების გამოფენებს. გაერთიანება ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს ადაპტაციაში, რაც გულისხმობს კონსულტაციის გაწევას საუნივერსიტეტო თუ საემიგრაციო სამსახურთან ურთიერთობისას. გაერთიანებასთან დაკავშირება შეუძლიათ, აგრეთვე, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ სწავლის დაწყება გერმანიაში. ორგანიზაციას ამჟამად კიოლნის  უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე შუბლაძე ხელმძღვანელობს. ,,აისი” 2013 წელს კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ნინო ბურდილაძემ, მიხეილ სარჯველაძემ და ნათია გუგუნაშვილმა დააფუძნეს.