პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტი „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ დაიწყო


02.11.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელი დისტანციური სასწავლო კურსი დაიწყო. სასწავლო კურსი საგარეო უწყების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ 2020 წლის გამარჯვებულის, ნათია აგლაძის პროექტის - „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

ინგლისური ენის შემსწავლელ დისტანციურ პროგრამას 50-მდე სხვადასხვა ასაკის ქართველი მსმენელი ჰყავს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან. სპეციალურად საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეებისათვის განკუთვნილი აღნიშნული კურსი 3 თვე - მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტს კოორდინირებას უწევს ვაშინგტონში მცხოვრები თანამემამულე, ნათია აგლაძე.

ცნობისთვის, პროექტი „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“ ერთ-ერთია იმ 45 დიასპორულ პროექტთაგან, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დააფინანსა. აღნიშნული ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება და იგი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას, დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობის უზრუნველყოფას საერთაშორისო დონეზე საქართველოს დადებითი იმიჯის ამაღლების საქმეში. პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია კონკურსის წესით აფინანსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ დიასპორულ პროექტებს და შემდგომში ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

საერთო ჯამში, 2019 და 2020 წლებში, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულ იქნა 73 დიასპორული პროექტი, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 50 000-მდე თანამემამულე შეადგინა.