პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომში ქართულ-იტალიური პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა


17.11.2019

12 ნოემბერს, რომის ლიტერატურულ სახლში, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა პოეზიის ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ პრეზენტაცია და შეხვედრა ანთოლოგიაში შემავალ ქართველ და იტალიელ პოეტებთან.

პრეზენტაციას რომში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და იტალიელი სტუმრები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხეს ცნობილმა ქართველმა პოეტებმა - ეთერ თათარაიძემ, ელა გოჩიაშვილმა, ეკა ქევანიშვილმა, მანონ ბულისკერიამ და იტალიელმა პოეტმა ანიტა პისკაციმ. ლექსები იტალიურად და ქართულად იტალიაში მოღვაწე ცნობილმა მთარგმნელმა - ნუნუ გელაძემ თარგმნა, მანვე შეადგინა პოეტური ანთოლოგია და სტუმრებს მის მიერ თარგმნილი ლექსები გააცნო.

ქართულ-იტალიური პოეზიის ანთოლოგიის გამოცემა განხორციელდა პროექტ „ცოცხალი წიგნების“, საქართველოს წიგნის ეროვნულ ცენტრისა და იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების - „სამშობლო გულით სატარებელი“ და „ჟალეთი“ მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ ლექსების ქართულად და იტალიურად მთარგმნელი ნუნუ გელაძე უკვე მრავალი წელია ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიის რესპუბლიკაში. სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა 2008 წელს მილანში დიასპორული ორგანიზაცია  „სამშობლო – გულით სატარებელი“, რომლის მიზანია იტალიაში დაქსაქსული ქართველების ეროვნული იდეითა და სულისკვეთებით გაერთიანება. ორგანიზაცია ინტენსიურად მართავს კულტურული სახის ღონისძიებებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში, რითაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართველ და იტალიელ ხალხს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.