პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო EURAXESS-ის წევრი გახდა 


27.09.2019

ა.წ. 24 სექტემბერს, საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის - EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად გახდა, რის შემდეგაც თბილისში დაფუძნდა ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა EURAXESS Georgia. EURAXESS-ის წევრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ინტეგრირებას ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სფეროში და ქართულ-ევროპული სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის, ახალი ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობას ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის.

EURAXESS არის ევროპული კომისიის პორტალი, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო-კვლევითი სფეროსა და ამ სფეროთი დაინტერესებული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სამსახურის მაძიებლებისა და სტუდენტებისთვის. EURAXESS-ში გაწევრიანება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, პორტალის საშუალებით, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა 500-ზე მეტი სამეცნიერო ფონდის გრანტებთან, 15 000-ზე მეტ უნივერსიტეტთან თუ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან, ასევე, EURAXESS-ის წევრი 40 ქვეყნის რამდენიმე მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსზე.

2020 წლის თებერვლიდან  EURAXESS-ის პლატფორმას დაემატება საქართველოს დროშა და EURAXESS Georgia-ს პორტალი, სადაც ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ. საქართველოს EURAXESS-ის პლატფორმაზე მიერთების შედეგად, მეცნიერ-მკვლევარებს საქართველოდან ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო მასშტაბური სახის სამეცნიერო კონკურსებსა თუ პროექტებში. მათ შორის, ქართველ მეცნიერებს ექნებათ წვდომა „Horizon 2020”-ის პროგრამებზე და მიეცემათ შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთონ „Horizon Europe”-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს EURAXESS-ში გაწევრიანება და თბილისში ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლობის EURAXESS Georgia-ს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, სამომავლოდ, ახალი კავშირების განვითარებას და  თანამშრომლობის გაფართოებას საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის. მათ შორის, გაიზრდება ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და მეცნიერ-მკვლევარების მობილობის შესაძლებლობა.

EURAXESS-ში გაწევრიანება საქართველოს აძლევს სრულიად ახალ პერსპექტივას სამეცნიერო-კვლევითი სფეროს განვითარების კუთხით. გაიზრდება უცხოელი სტუდენტებისა და მკვლევარების საქართველოთი დაინტერესება, ასევე გაიზრდება შესაძლებლობა იმისა, რომ ქსელში გაერთანებული მეცნიერ-მკვლევარებისთვის საქართველო გახდეს მეტად მიმზიდველი სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის.

EURAXESS-ის პლატფორმაზე საქართველოს ინტეგრაციისთვის ევროპული კომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.