პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო ევროვიზიის კონკურსზე 


11.03.2020

მიმდინარე წლის 12 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით, ნიდერლანდების სამეფოში, . როტერდამში გაიმართება ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე საერთაშორისო კონკურსი.ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე, რომელშიც 41 ქვეყანა მონაწილეობს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეგიდით, საქართველოს წარადგენს თორნიკე ყიფიანი სიმღერით  - "Take Me As I Am".

ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსის პირველი ნახევარფინალი 12 მაისს, მეორე ნახევარფინალი - 14 მაისს, ფინალი კი 16 მაისს გაიმართება. ქართველი მონაწილე  მაყურებლის წინაშე კონკურსის მეორე ნახევარფინალში, 14 მაისს, ევროპის დროით 21:00 საათზე წარსდგება.

ევროვიზიის კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილე ქვეყანას საკუთარი ტერიტორიიდან კონცერტზე თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება არ გააჩნია. თორნიკე ყიფიანის და მისი სახით, საქართველოს წარმატებისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა. ამისთვის, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა უნდა უყურონ ადგილსამყოფელი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაუმესიჯონ ან დაურეკონ ქართველ მონაწილეს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში, 14 მაისს, ხმის მიცემის უფლება აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ავსტრია, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ისლანდია, მოლდოვა, პოლონეთი, სან-მარინო, სერბეთი, პორტუგალია, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, დანია, ფინეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთი და ესპანეთი. შესაბამისად, თორნიკე ყიფიანისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

ჩვენი წარმომადგენლის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ხმის მიცემის უფლება აქვს ორმოცდაერთივე მონაწილე ქვეყანას. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს დაემატება შემდეგი ქვეყნები: ლატვია, ავსტრალია, ბელარუსი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუსეთი, სლოვენია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ისრაელი, მალტა, ნორვეგია, რუმინეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, შვეიცარია.

ევროვიზიის კონკურსზე ქართველი მონაწილის და მისი სახით, საქართველოს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის წარმომადგენლების აქტიურობა ხმების მაქსიმალური რაოდენობის უზრუნველსაყოფად.