პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო-სლოვაკეთის ეკონომიკური ფორუმი


12.06.2023

2023 წლის 9 ივნისს, სლოვაკეთის ქ. პოვაჟსკა ბისტრიცაში გამართულ საქართველო-სლოვაკეთის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ წელს აღინიშნება საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე; მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ასევე მადლიერებით აღნიშნა სლოვაკეთის მხრიდან ტექნიკური დახმარების გაწევის და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ დღევანდელი ეკონომიკური ფორუმი იქნება ორ ქვეყანას შორის ახალი ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების დამყარების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ფორუმი გაიმართა სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულის, კომპანია „GINO Holding“-ის პრეზიდენტის, ნოდარ გიორგაძის ხელშეწყობით და ორგანიზებით. ფორუმზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ხოლო სლოვაკეთის დელეგაციას - სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი, პეტერ დოვჰუნი. ფორუმში ქართული მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი რევაზ ბეშიძე, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს და სლოვაკეთის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები.