პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები


30.10.2020

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, უცხოეთში  მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ  გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები შეუძლიათ მოიძიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული რეესტრის მეშვეობით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

აქვე შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (აღნიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა დასრულდა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს).

საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბანზე გამოცხადებისას ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა (ID ბარათი) ან პასპორტი.

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანზე პირადად გამოცხადებით. დაუშვებელია ხმის მიცემა დისტანციურად ან მინდობილი პირის საშუალებით.

საარჩევნო უფლებებისა და არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს / საკონსულო დაწესებულებებს ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ონლაინ ჩათის საშუალებით - ცესკო-ს ონლაინ ჩათი ან სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შემდეგ ნომერზე: +995 32 2 51 00 51.

ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ განახლებად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ცესკო-ს ვებ-გვერდზე: https://cesko.ge/ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: „არჩევნები 2020“ - https://mfa.gov.ge/elections.aspx