პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა სალიფაზარისა და ჩარშამბას ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან


02.11.2020

28 ოქტომბერს, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა „სალიფაზარის ბათუმელთა სოციალური თანადგომისა და სოლიდარობის საზოგადოების“ თავმჯდომარესთან, ადემ იაზიჯისთან და ჩარშამბასა და სალიფაზარის ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა რეგიონში არსებული ქართული ისტორიული დიასპორული ორგანიზაციების წვლილს ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში; განხილულ იქნა სალიფაზარის რაიონში მოქმედი ქართული დიასპორული საზოგადოების ბაზაზე პანდემიის დასრულების შემდგომ ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნის საკითხი, ასევე, გადაწყდა ჩარშამბას რაიონში ქართული დიასპორული საზოგადოების 2020 წლის ბოლომდე დაარსება და შემდგომ, საზოგადოების ბაზაზე ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიასპორის წარმომადგენლებს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროების თანამშრომლობით შემუშავებული ქართული ენის სახელმძღვანელოები, რომელიც სპეციალურად საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსებისთვისაა განკუთვნილი.