პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ქართული საკვირაო სკოლა „ნაკადული“ გაიხსნა


29.10.2020

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 25 ოქტომბერს, ქალაქ ბაზელში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა ,,ნაკადული“.

სკოლის გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე თანამემამულეებს სიტყვით მიმართა შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ და ხაზი გაუსვა დიასპორული გაერთიანებების საქმიანობის მნიშვნელობას შვეიცარიაში მყოფ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და მშობლიური ენის შენარჩუნების საქმეში. ელჩმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების/ქართული ენის შემსწავლელი კურსების მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ბაზელის ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეები 4 წლის ასაკიდან მიიღებიან, სადაც პატარა თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ასევე, ეთნოლოგიისა და ხელოვნების საგნებს, შეისწავლონ ქართული ხალხური ცეკვა და მუსიკა და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სპორტულ თუ გასვლითი სახის აქტივობაში.

ბაზელის ქართულ საკვირაო სკოლას ქართველი პედაგოგებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი უხელმძღვანელებს.

 

სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია:  

ტელ: +41 77 421 98 28 / Facebook: ნაკადული - ქართული საკვირაო სკოლა ბაზელში