პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში გენერალური კონსულის შეხვედრა დიასპორულ ორგანიზაციებთან და ანსამბლებთან


26.10.2020

ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრები გამართა ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი გაერთიანებების წარმომადგენლებთან.

კერძოდ, 25 ოქტომბერს, გენერალური კონსული ეწვია ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებს - "მამული" და "ლომისი" და ადგილზე გაეცნო მათ საქმიანობას. ნოდარ კომახიძემ ანსამბლების ხელმძღვანელებთან - ზაზა გიუნაშვილთან, ნათია ამირანაშვილთან და ბექა ჟამურელთან - ისაუბრა ქორეოგრაფიული ანსამბლების საქმიანობის მნიშვნელობაზე საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული ეროვნული ცეკვისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით, ასევე, გაეცნო მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და სამომავლო გეგმებს. 

თესალონიკში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე კი, რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართა, გენერალურმა კონსულმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს ძლიერი დიასპორა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის როგორც ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცების, ისე საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.

შეხვედრის ფარგლებში, გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დეგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ქ. თესალონიკის მერიის შენობაში გამართვის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაივლის.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა ისაუბრეს თავიანთი ორგანიზაციების ამჟამინდელ საქმიანობაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე, სამომავლოდ, მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის ინიციატივით გამოვიდა.