პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში საქართველოს ელჩი საქარიის ქართველთა კულტურის ასოციაციას ეწვია


24.10.2020

23 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ეწვია ქ. საქარიის ქართველთა (ქართველთა-ლაზთა) კულტურის ასოციაციას, სადაც შეხვედრა გამართა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან და წევრებთან. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ასოციაციის ბაზაზე არსებულ ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საზღვარგარეთ ქართული ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის ფარგლებში, შეძენილი ინსტრუმენტები.

ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა შეხვედრაზე დამსწრეთ და გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარებისა და თურქეთში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების განვითარება და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის პროექტები და ინიციატივები, რაც მთავრობას გააჩნია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დასაცავად და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, შეხვედრაზე ელჩმა დიასპორის წარმომდგენლებს მიაწოდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების მიერ გლობალური პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ  ქ. საქარიის ქართველთა (ქართველთა-ლაზთა) კულტურის ასოციაცია / Sakarya Kartvel (Gürcü, Laz) Kültür Derneği, მუსტაფა კოლათ-კოლოტაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად საქმიანობს როგორც თურქეთში, ისე მსოფლიო მასშტაბით მცხოვრებ ქართველებთან-ლაზებთან კონტაქტების დამყარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით და ხელს უწყობს ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას თურქეთის რესპუბლიკაში. ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის გარდა, ასოციაციის ბაზაზე, ასევე, ფუნქციონირებს ქართული და ლაზური ენების შემსწავლელი კურსები.

 

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ფოლკლორისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დამფუძნებელსა და დირექტორს, ნარგიზა კიბაბიძეს, რომელმაც საელჩოს ინიციატივით, ზემოაღნიშნული ასოციაციის ბაზაზე არსებულ ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ქართული ნაციონალური სამოსი.