პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა - „გამარჯობა, მე მქვია თბილისი" გაიხსნა 


09.02.2020

მიმდინარე წლის 7 თებერვალს, ბულგარეთში, ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "გამარჯობა, მე მქვია თბილისი" გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორები გახლავთ ბულგარეთში საქართველოს საელჩო და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ზურაბ ფერცულიანი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2019-2020 წლების გამარჯვებულია ბულგარეთის რესპუბლიკაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.

ღონისძიების ფარგლებში, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ვარნის ქართულ დიასპორასთან და საქართველოს საპატიო კონსულთან, იული ნუშევთან.

გამოფენის დათვალიერება მსურველებს ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში, ამა წლის 20 მარტამდე, შეეძლებათ.