პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყიბულის მუნიციპალიტეტი / სოფელი ძიროვანი

მიმოხილვა

ძიროვანი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში. მდებარეობს ზღვის დონიდან 600 მეტრზე, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მთისჭალის ზემოთში, ტყიბულიდან 10 კმ-ში.

ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 8 კმ-ით; რკინიგზის უახლოესი სადგური „საწირე“ მდებარეობს სოფლიდან 14 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 70 კმ-ს.

ძიროვანში არის შუა საუკუნეების მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც თარიღდება XI-XII საუკუნით და ამ საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით გამოირჩევა. სოფელში არის გვიანი შუა საუკუნეების ციხე-კოშკი, რომელიც სავარაუდოდ შიგაგზების გამაკონტროლებლად გამოიყენებოდა. ამჟამად, ციხე დანგრეულია, თუმცა შემორჩენილია მისი დასავლეთი კედელი.

ძიროვანში არის ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მოჩუქურთმებულია ტეშენიტზე ამოკვეთილი ჯვრის ორნამენტით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 275 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

627

290

337

2014

 275

132

143

ეკონომიკის ძირითადი სფეროებია: მესაქონლეობა და მესიმინდეობა.

სოფელში არის საჯარო სკოლა. ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს სოფ. საწირეში მდებარე (დაახ. 8 კმ) სამედიცინო ამბულატორიის მომსახურებით.

ძიროვანი მთლიანად ელექტროფიცირებულია. სოფლამდე მისასვლელი გზა ასფალტირებულია. სოფელში არის სასმელი წყლის მომარაგების სისტემა და უსადენო ინტერნეტის ქსელი.

საინვესტიციო რესურსები

1. სასარგებლო წიაღისეული - გიშრის საბადო

  • რესურსის ტიპი: სასარგებლო წიაღისეული
  • რესურსის ქვეტიპი: გიშრის საბადო
  • ადგილმდებარეობა: ტყიბული-ძიროვანის გზის მიმდებარედ. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ( ს.კ.39.03.23.145) მარჯვენა მხარეს. საბადოდან ქ. ტყიბულამდე მანძილი შეადგენს 8 კმ-ს.
  • მარაგი: დაუდგენელია.
  • შემადგენლობა/თვისებები: გაქვავებული ნახშირის სახეობა, რომელიც ექვემდებარება დამუშავებას. საბადო არის მიწის ფენისაგან გასაწმენდი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: საბადომდე მიმავალი გზა მოხრეშილია
    • ელექტრო სისტემა: საბადოდან 1 კმ-ში გადის ელექტრო გაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: გიშრისგან სხვადასხვა სახის (ძირითადად საიუველირო) ნაკეთობის დამზადება.
  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის სავარაუდო ღირებულება: ვინაიდან საბადო შეუსწავლელია, ჯერ საჭიროა შესწავლის ლიცენზიის მოპოვება, რომლის შემდეგ ხდება სარგებლობის ლიცენზიის მოპოვება. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოსაკრებელი შეადგენს 200 ლარს. გიშრით სარგებლობის მოსაკრებლის განაკვეთი: 1 კგ - 0.15 ლარი. (იხ. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“: https://matsne.gov.ge/ka/document/view/12880?publication=69).
  • სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის პირობები: რესურსით სარგებლობისათვის საჭიროა სარგებლობის ლიცენზიის აღება (პროცედურების შესახებ იხ. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/26824?publication=83).
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: წიაღის ეროვნული სააგენტო. ტელ: (+995 32) 2 43 95 57; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები